გამოფენა „ლატავრა” – 90 წლის შემდეგ

DSC 0901 - გამოფენა „ლატავრა" - 90 წლის შემდეგ

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2017 წლის 16 მარტს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „ლატავრა” შექმნიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენის თარიღად, სიმბოლურად, საოპერო სპექტაკლის პირველი დადგმის პრემიერის დღე შეირჩა (რეჟისორი – სანდრო ახმეტელი, ლიბრეტოს ავტორი – სანდრო შანშიაშვილი, მხატვარი – ირაკლი გამრეკელი, დირიჟორი – ივანე ფალიაშვილი. პრემიერა შედგა 1928 წლის 16 მარტს).

ოპერა „ლატავრა” ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში ყველაზე დაუფასებელ ქმნილებად მოიაზრება, მიუხედავად მისი უზადო მუსიკალური და აზრობრივი ღირებულებებისა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ლატავრა” სამჯერ, ყოველ ჯერზე, ერთმანეთისაგან საგრძნობლად განსხვავებული რედაქციით დაიდგა (მეორე დადგმის რეჟისორი – ალექსანდრე წუწუნავა (1937 წ.), მესამე დადგმის რეჟისორი – მიხეილ კვალიაშვილი (1950წ.)).

ექსპოზიციაზე სახლ-მუზეუმის ფონდში დაცული უნიკალური მასალა გამოიფინა – ზაქარია ფალიაშვილის ხელნაწერი ნოტები, კლავირი, პარტიტურა, მიძღვნა ავტოგრაფით, ლიბრეტოს ავტორის, სანდრო შანშიაშვილის ხელნაწერი შინაარსი, მასალის ხელნაწერი ასლები, სპექტაკლების შემორჩენილი აფიშები, სადადგმო ჯგუფებისა და შემსრულებლების ფოტოსურათები, კოსტიუმებისა და სასცენო დეკორაციების ესკიზები.

ზაქარია ფალიაშვილის რიგით მესამე ოპერის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გულბაათ ტორაძემ, ირაკლი ჩოლოყაშვილმა და სხვა სტუმრებმა ისაუბრეს. საღამოს დასასრულისათვის კი, ელდარ გეწაძემ შეასრულა თავისი სახელგანთქმული „ინკუბუსის” პარტია ოპერიდან „ლატავრა”.

გამოფენის მსვლელობის დროს, ლატავრას როლის რიგით მეორე შემსრულებლის, საოპერო მომღერლის, თამარ ლაპიაშვილის ოჯახმა თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმის ფონდს ოპერასთან „ლატავრა” დაკავშირებული და უშუალოდ, თამარ ლაპიაშვილის პირადი საარქივო მასალა საზეიმო ვითარებაში გადასცა.