თამარ ლაპიაშვილის საარქივო მასალა

11 თ. ლაფიაშვილი - თამარ ლაპიაშვილის საარქივო მასალა

ოპერის „ლატავრა” შექმნიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საოპერო ვარსკვლავის, რიგით მეორე სასცენო დადგმაში მთავარი როლის შემსრულებლის, თამარ ლაპიაშვილის შვილმა, ჯუნა ლაპიაშვილმა ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დედის სარქივო მასალა საზეიმო ვითარებაში გადასცა.

თამარ ლაპიაშვილი (1910-1992)

თამარ ლაპიაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს (ვოკალური).

თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სცენაზე იმღერა გრაფინია (1934, მოცარტი „ფიგაროს ქორწინება“), ეთერი (ა. წუწუნავას მიერ კონსერვატორიის სცენაზე დადგმული ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“); გარდა ქართული კლასიკური ოპერებისა, მღეროდა თითქმის ყველა ახალ ქართულ ოპერაში; შ. კაშმაძის ინფორმაციით, ჯერ სულ ახალგაზრდა თ. ლაპიაშვილს მიანდვეს ზ. ფალიაშვილის დაკრძალვის ცერომინიალზე მისი დატირება მაროს არიით, რაც მრავალზე მეტყველებს; 1935–1967 წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ლირიკულ–დრამატული სოპრანო); ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე (1937, მოსკოვი); მისი პარტნიორები იყვნენ: ნ. ქუმსიაშვილი, დ. გამრეკელი, ბ. კრავეიშვილი, ა. პიროგოვი, ი. კოზლოვსკი; მართავდა კამერულ–ვოკალურ კონცერტებს; ქართული რეპერტუარი: ეთერი, ნანა, მარო, ლატავრა (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), ნინო, თინათინი, ნესტანი (დ. არაყიშვილი „თქმულება შოთა რუსთაველზე“), მზია, მარადო (ა. ანდრიაშვილი „კაკო ყაჩაღი“, „ლაშქარა“), თინათინი, ნესტანი (შ. მშველიძე „ამბავი ტარიელისა“), მზია, ნათელა (ა. ბალანჩივაძე „მზია“), ლელო (გრ. კილაძე „ლადო კეცხოველი“), ციური, გოგონა (დ. თორაძე „გოლა“), დორა (შ. თაქთაქიშვილი „დეპუტატი“); სხვა რეპერტუარი: მარგარიტა (გუნო „ფაუსტი“), მიქაელა (ბიზე „კარმენი“), მადამ ბატერფლაი, ტოსკა, მიმი (პუჩინი „ჩიო–ჩიო–სანი“, „ტოსკა“, „ბოჰემა“), აიდა (ვერდი „აიდა“), ნედა (ლეონკავალო „ჯამბაზები“), გრაფინია, ქერუბინო (მოცარტი „ფიგაროს ქორწინება“), ლიზა, ტატიანა, იოლანტა, ნათლიდედა, მარია (ჩაიკოვსკი „პიკის ქალი“, „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“, „ჯადოქარი“, „მაზეპა“); ასრულებდა რომანსებს: შუბერტი, შუმანი, შოპენი, მოცარტი, ბეთჰოვენი; ვოკალურ ციკლებს: ჩაიკოვსკი, რიმსკი–კორსაკოვი, რახმანინოვი, რუბინშტეინი, გლიერი; აგრეთვე ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ ხალხურ, იტალიურ, ნეაპოლიტანურ და ფრანგულ სიმღერებს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი, 2015 წ. გვ. 278