საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

21875590 1280262792119550 1942984867 o 1 768x1024 1 - საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 16 და 17 სექტემბერს მასპინძლობდა საერთაშორისო კონფერენციას „სემიტოლოგიური ძიებანი“. კონფერენცია ეძღვნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას. კოტე (კონსტანტინე) წერეთელი (1921-2004 წწ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960წ.) ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. კოტე წერეთლის შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას მისცა ბიძგი. კონფერენციაში მონაწილეობა 4 ქვეყნის საქართველოს, ისრაელის, გერმანიის, ინგლისის ებრაისტიკა-არამეისტიკის დარგში მოღვაწე მეცნიერებმა მიიღეს. კონფერენციაზე გაჟღერდა სიახლე რაც გულისხმობს თბილისის მუზეუმების გაერთიანების 2017 წლის სტრატეგიის შესაბამისად, სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერებას. თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი გეგმავს გააგრძელოს ტრადიცია და კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ- მუზეუმის ბაზაზე დააარსოს კ. წერეთლის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის მთავარი მიზანი ქართული სემიტოლოგიური სკოლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა იქნება, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მსოფლიო მასშტაბით.