მიხეილ ჯავახიშვილი 137

65639561 - მიხეილ ჯავახიშვილი 137

,,…ეს (ენის დაწმენდა) მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათ „ჩოხიან დადაისტებს“, მაგრამ მისაღები უნდა იყვეს იმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე.”

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი, 1880, სოფ. წერაქვი, მარნეულის რაიონი – გ. 1937), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.
პირველი მოთხრობა ,,ჩანჩურა” 1903 წელს გაზეთ “ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა. ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, იყო ჟურნალ ,,ივერიის” და ,,გლეხის” რედაქტორი. მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო. ქართველი ლიტერატურული კრიტიკოსები: გ. რცხილაძე, კ. აბაშიძე და სხვა დიდი მოწონებით ხვდებოდნენ ჯავახიშვილის  მოთხრობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1910 წელს საქართველოში სხვისი პასპორტით დაბრუნებული დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913 წელს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

მიხეილ ჯავახიშვილი და გალაკტიონ ტაბიძე

,,გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.”

15 წლიანი დუმილი მოთხრობით ,,ტყის კაცი” დაარღვია. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართული რეალისტური რომანის, შექმნას: “კვაჭი კვაჭანტირაძე”, “ჯაყოს ხიზნები”, “გივი შადური”, “არსენა მარაბდელი”, “თეთრი საყელო”. მას ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნილი აქვს გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი.  მისი ნაწარმოებები თარმგნილია რამდენიმე ენაზე. 1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი “არსენა მარაბდელი” ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს “ქალის ტვირთის”, სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა. 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის შემდეგ კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: “მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს”. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

,,დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.”

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს “აღიარებაზე”. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.