მიხეილ გედევანიშვილი 155

23674719 546806725655505 1546828297399124146 o - მიხეილ გედევანიშვილი 155

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი ექიმის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის მიხეილ გედევანიშვილის დაბადებიდან 155-ე, ხოლო გარდაცვალებიდან 95-ე წელს აღნიშნა.

MG 0269 1024x683 - მიხეილ გედევანიშვილი 155

მიხეილ გედევანიშვილი დაიბადა დაბა მანგლისში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. 1889 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1890-1893 წლებში მუშაობდა ზანგეზურის (აზერბაიჯანი) მაზრის ექიმად. აქ გახსნა აფთიაქი.  1893-1895 წლებში თიანეთის მაზრის ექიმად ყოფნისას, გარდა საექიმო მოღვაწეობისა ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. შემდეგ წლები გაატარა პარიზში და მუშაობდა ნევროპათოლოგიაში ჟ. დეჟერინთან, ფსიქიატრიაში ა. ჟოფრუასთან, ფიზიოთერაპიასა და რენტგენოლოგიაში ჰუესთან. 1897 წელს თავისი სახსრებით შეუძენია ორი ძვირადღირებული აპარატი, ერთი ელექტროთერაპიული პროცედურებისთვის და მეორე კომბინირებული აპარატი, რომელიც ხაზოვან სხივებს იძლეოდა და პარიზიდან თბილისში ჩამოუტანია. ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით, ნიკოლოზის ქუჩაზე (ამჟმინდელი, ჯავახიშვილის 7), ილიას დის, ელისაბედ საგინაშვილის სახლში ,,ივერიის” რედაქციის შენობაში განათავსა და გახსნა საქართველოსა და მთელს კავკასიაში პირველი რენტგენისა და ელექტროთერაპიული კაბინეტი. ეს იყო პატარა კომოდის მსგავსი ხის ყუთი, რომელიც რთული კონსტრუქციისაგან შედგებოდა. შუშის ნეგატივებზე იღებდა რენტგენის სურათებს (რენტგენის პირველი აპარტი პირვანდელი სახით ინახება გედევანიშვილის სახლ-მუზეუმში).
გაზეთი “ივერია” წერდა: ,,აქ მისულ ადამიანს არა მხოლოდ პირველადი დახმარება, არამედ სხვადასხვა ოპერაცია უტარდება”.

MG 0380 1024x683 - მიხეილ გედევანიშვილი 155

მიხეილ გედევანიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა მიხეილის საავადმყოფოში. შემდეგ დაინიშნა კოჯრის ქუჩაზე ახლად გახსნილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორად. ეს იყო პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელიც ევროპულ დონეზე მოაწყო და ევროპული მეთოდებით მკურნალობდა. ასევე იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი, მისი დაარსებულია ქართველ ექიმთა კოლექტივის პირველი სამკურნალო დაწესებულება. ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, მისი ავტორობით გამოიცა ნაშრომები ფსიქოლოგიის, კერძოდ ბავშვთა ფსიქოლოგიის საკითხებზე. 1906 წელს ილია ჭავჭავაძესთან ერთად აირჩიეს თბილისის გუბერნიიდან რუსეთის დუმაში. ილიას გარდაცვალების შემდეგ, 1914 წელს, საკუთარი სახსრებით პირველმა გამოსცა ილიას თხზულებები. ეს იყო პირველი ფერადი, ილუსტრირებული აკადემიური გამოცემა, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, მხოლოდ ხელმოწერით გავრცელდა იმ დროს და არ გაყიდულა.

MG 0362 1024x683 - მიხეილ გედევანიშვილი 155

ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა წარმოდგენილი იყო, მიხეილ გედევანიშვილის საოჯახო არქივში დაცული დოკუმენტური მასალა ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით, მისი ფაქსიმილე. ასევე, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პირველი აკადემიური გამოცემის პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ შესრულებული ილუსტრაციები. აღნიშნული გამოცემები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და მიჩნეულია რარიტეტად.

ფოტოების ავტორი: როლანდ მენთეშაშვილი