ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

baratashvili projects 1 - ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) – ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. 2017 წელს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ – ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით 4 დეკემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნითი ღონისძიება გამართა. სახლ-მუზეუმში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია. საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. რეექსპოზიციის პროექტის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით – ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის.

XIX საუკუნის მემორიალური შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ კოლორიტულ კალა-უბანში, ისტორიული ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული მნიშვნელოვანი ადგილია. მუზეუმს ესაზღვრება VI საუკუნის ძეგლი – ანჩისხატის ტაძარი, თბილისის ერთ-ერთი კარის ნანგრევები, ბარათაშვილის თანამედროვე ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის საცხოვრებელი სახლი, გაგრძელებაზე – ერეკლე II-ის მოედანი, სადაც თავის დროზე მდებარეობდა ბარათაშვილის დედის, ეფემიასა და ბიძის, გრიგოლ ორბელიანის ორსართულიანი სახლი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარის წმ. გიორგის ეკლესია. მუზეუმში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, XIX ს-ის როიალი, მხატვრული ტილოები, პოეტის შემოქმედების გამოცემები (დაწყებული 1876 წლიდან), ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი და სხვა დამხმარე მასალა. მუზეუმში თავმოყრილ ექსპონატთა შორის სავიზიტო მასალას წარმოადგენს ორი ფოტო – პოეტის მუზის – ეკატერინე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი „ცარსკოე სელოში“ და კლასიკური გიმნაზიის შენობა, ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული, გამოცემული 1876 წელს; პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მოსაწვევი ბარათი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (21.10.1945 წ.) და სხვ.