ოლღა გურამიშვილი

image1 1 - ოლღა გურამიშვილი

1927 წლის  25 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ოლღა გურამიშვილი, ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1894 წლიდან კი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, 1895-1906 წლებში კი ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.

ოლღა იყო ქართველი ქალი, რომელმაც რუს მწერალს ი. გორბუნოვ-პოსადოვს ათქმევინა: ,,… დაე დალოცვილი იყოს სახელი კნეინა ჭავჭავაძისა, იგი გვიბრუნებს ჩვენ რწმენას ადამიანში… ზნეობრივმა მზემ აღმოსავლეთიდან, საქართველოდან ამოაშუქა…” (Русские Ведомости  31/XII – 1908 № 302)

ლევ  ტოლსტოი განაცვიფრა ოლღას შუამდგომლობამ, რომელიც დაიწერა ილიას 3 მკვლელის სიკვდილით დასჯის განაჩენის შესაცვლელად და წარედგინა კავკასიის გენერალ-გუბერნატორს. 

მარჯორი უორდროპი კი ბუქარესტიდან ქართულად წერდა ოლღა გურამიშვილს: ,,თქვენმა მოწყალე გულმა შეაგონა ფრიდ საქებელ საქმეს; თავის მკვლელის პატიება უფრო ადვილია, ვიდრე საყვარელ ქმრის მკვლელის პატიება.”

თითქმის მთელი ოცი წელი იცოცხლა ოლღა ჭავჭავაძემ ილიას სიკვდილის შემდეგ და ღრმად მოხუცი და დაღლილი აღესრულა 1927 წლის 25 აპრილს, ხოლო 29 აპრილს მთაწმინდაზე დაკრძალეს. ბოლოს და ბოლოს, იგი ეღირსა , რასაც მთელი ამ ოცი წლის მანძილზე ნატრობდა: საუკუნო განსასვენებელი მან მთაწმინდის პანთეონში, თავისი დიდებული მეუღლის გვერდით ჰპოვა.

,,მარადი ხსოვნა დიდი ილიას ცხოვრების სანატრელ მეუღლეს და მეგობარს, მასთან ერთად წამებულის დიდი ქართველი ქალის ნათელს სულს!”,- წერდა იოსებ იმედაშვილი.