ბალეტი ,,ჰამლეტი”

კლავირი 1 - ბალეტი ,,ჰამლეტი''

რევაზ გაბიჩვაძის  ბალეტი  „ჰამლეტი“  იყო უკანასკნელი  დიდი  სპექტაკლი,   რომელიც  ჭაბუკიანმა  თბილისის  ოპერისა  და  ბალეტის  თეატრის  სცენაზე  განახორციელა. ბალეტის  პრემიერა  შედგა  1971 წლის 11 მაისს. პრემიერის  შემდეგ  ამ  სპექტაკლმა   მოულოდნელი  განვითარება  მიიღო.  დიდი  ქორეოგრაფი  კულტურის  მინისტრის  ბრძანებით  სამსახურიდან გაათავისუფლეს.  ამას  მოჰყვა  პროცესი  ოპერის  თეატრის  დაწვის  საქმეზე,  დაკავებულებს  აჩვენებდნენ  ყალბ  საგაზეთო  ნეკროლოგს  ჭაბუკიანზე  და  სთავაზობდნენ  ყველაფერი  მისთვის  დაებრალებინათ.
თავად  ვახტანგ  ჭაბუკიანი  კი ამ  პერიოდს  ასე  იხსენებს:  „- ყველაზე  უსიამოვნო  ის  არის,  რომ  არ  მეგონა, არ  ველოდი,  რომ  მე, რომელმაც  შევქმენი ქართული  ბალეტის  სახე  და  აღვზარდე  არაერთი  თაობა,  ჩამომაშორებდნენ  თეატრს, ჩემს  ყველაზე  საყვარელ  და  სათაყვენებელ  საქმეს. მე  მოქმედების  ადამიანი  ვარ,  მათ  კი  ხელ-ფეხი  შემიკრეს  და  ამით  ყველაზე  დიდი  ტკივილი  მომაყენეს.  ახლოვდებოდა  ზაქარია ფალიაშვილის  საიუბილეო  თარიღი,  ბევრს  ვმუშაობდი,  თითქმის  ერთდროულად  დავდგი  ირანში  „გედის  ტბა“,  ბულგარეთში  „დონ  კიხოტი“,  ნოვოსიბირსკში  „ლაურენსია“  და  თბილისში  „ჰამლეტი“.  „ჰამლეტით“  გავემგზავრეთ  მოსკოვში  საიუბილეო  ზეიმზე.  წარმატება  დიდი  იყო,  აღფრთოვანებით  გამოგვეხმაურა  პრესა  და  უცებ,  შინ  დაბრუნებულს  დამახვედრეს  „სიურპრიზი“,  რომ  დავბერდი  და  აღარ  მაქვს  წარმატება,  ამიტომ  უნდა  წავიდე  თეატრიდან.  შემდგომ  ზემდგომი  ინსტანციებიც  ჩაერივნენ  და  მოკლედ,  თავიდან  მომიცილეს,  ეს  დივერსია  იყო….დიახ,  დივერსია  არა  მარტო  ჩემი  პიროვნების,  არამედ  ჩემი  მეგობრების,  აღზრდილების,  მთელი  თაობის  მიმართ,  რომელთაც  შექმნეს  ქართული  ბალეტის  ისტორიის  თვალსაჩინო  ფურცელი.“