ახალი ცა – ნიკოლოზ ბარათაშვილი

24909849 554495248219986 7933683872495034017 n - ახალი ცა - ნიკოლოზ ბარათაშვილი

150 წელია, რაც ეს მდინარე მოედინება და ყველა ქართველის გულზე გადავლილი მოღელავს, მოგუგუნებს, რათა სასწაულად გადარჩენილი თავისი ლექსები ყოველდღიურად ჩაატაროს ჩვენს თვალწინ, როგორც ფუძე-მოშლილი სამყაროს უზარმაზარი ნამსხვრევები, ანდა, როგორც უნიჩბო და უიალქნო ნავების ქარავანი, რომელთა დაობებულ ფსკერზეც საკუთარი ნიჭისა და გონიერების გამო ნაწამები ადამიანი ასვენია.

რასაკვირველია, თვითონ არ იცოდა, ამდენი თუ შეეძლო. არც მისმა ახლობლებმა იცოდნენ. არავინ არ იცოდა. საქართველოში ბნელოდა. გაუვალი წყვდიადი იდგა მყარად, არაბუნებრივი, მაგრამ უკვე ძვალ-რბილში გამჯდარი. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მას უჭირდა ამ სიბნელეში ცხოვრება. ეშინოდა ამ სიბნელისა და, ჩამონგრეულ გვირაბში მოყოლილი კაცივით, ყველა ღონეს ხმარობდა სამზეოზე ამოსასვლელად, ანუ ჯარისკაცობაზე ოცნებობდა და მეგზურს დაეძებდა განუწყვეტლივ, რომელიც ხელს ჩაჰკიდებდა და გზაზე დააყენებდა. სამზეოზე ამოსვლა იყო მისი მიზანი და ამოვიდა კიდეც, ოღონდ, უკვე გარდაცვლილი, უკვე ზეციური საქართველოს ბინადარი. წყვდიადის ლოდებიდან მხოლოდ მისმა სულმა გამოაღწია, უკვე სიტყვად გარდაქმნილმა. ჩვენდა საბედნიეროდ, შეამჩნიეს. იცნეს-მეთქი, მინდოდა მეთქვა, რადგან განგებამ თითქოს მხოლოდ იმიტომ გააქრო ყველა მისი სურათი, ღმერთივით უსახო და, ამავე დროს, მტკივნეულად ნაცნობი გაეხადა ყველა ჩვენგანისთვის….

ოთარ ჭილაძე
1968