ილია ჭავჭავაძე და რაფიელ ერისთავი

3I2A7255 - ილია ჭავჭავაძე და რაფიელ ერისთავი

ილია ჭავჭავაძე დაინტერესებული იყო ქანდაკების ხელოვნებით, რაც აღიბეჭდა კიდეც მოგონებებსა და დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებულ ილიას სამუშაო კაბინეტის ფოტონეგატივებზე. ილიას ჰქონდა რაფიელ ერისთავის ბიუსტი, რომელიც თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში  დაარსების დღიდან 1957 წლიდან ინახება.

რაფიელ ერისთავი და ილია ჭავჭავაძე ხშირად ერთად იღებდნენ მონაწილეობას რიგ ეროვნული ღირებულების მქონე საქმეებში. 1873 წელს მათ ერთად გამოსცეს ფოლკლორული კრებული ,,გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები”.  რაფიელ ერისთავი იყო ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოების საპატიო წევრი და  სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოებზე ილიასთან ერთად გამოდიოდა.  ილიას უყვარდა რაფიელის ვოდევილებზე დასწრება ქართულ თეატრში. ილიას მიუძღვის წვლილი ერისთავის თხზულებების გამოცემაშიც. 

რაფიელი ხშირად სტუმრობდა ილიას როგორც საგურამოში, ასევე ,,ივერიის” რედაქციაში. გიორგი ჟურულის მოგონებებით ,,…ღამის 12 საათმა რომ დაჰკრა, გაიღო კარები და შემოვიდა სასადილოში ,,ივერიის” ასოთამწყობთა დეპუტაცია. მათ თან მოიტანეს, ის-ის არის ახლად დაბეჭდილი ,,ივერიის” საახალწლო ნომერი… სუფრის თამადად ჩვენი დაუვიწყარი რაფიელი იყო. ილია მივიდა მასთან ალავერდით და ახლად მოტანილი ,,ივერიის” ნომერიც მას გადასცა. მხცოვანმა მგოსან-თამადამ მოითხოვა ვერცხლის თასი, შიგ ჩადო ოთხად დაკეცილი სველ-სველი გაზეთის ნომერი და ზედ წითელი ყვარლის ღვინო დაასხა. მშვენიერი და ოხუნჯური სიტყვა წარმოსთქვა ტოლუმბაშმა, ადღეგრძელა გაზეთი და თასი ჩამოგვიტარა ყველას. თვითეულს ისე დაგვალევინა ღვინო და გაზეთის წვენი, თითქო ზიარებას გვაწვდიდაო”.

1895 წლის 22 ოქტომბერს რაფიელ ერითავს გადაუხადეს  50 წლის იუბილე, რომელსაც ეროვნული დღესასწაულის ელფერი ჰქონდა. ,,…იუბილარი აკაკიმ და ილიამ სცენაზე შემოიყვანეს, ფარ-მუზარადით შეჭურვილმა ხევსურებმა ყვავილებით მორთულ სავარძელში ჩააბრძანეს, ილია-აკაკი ორივე მხარეს მოუსვეს.”

1900 წელს, ოქტომბერში ილია და რაფიელ ერისთავი აირჩიეს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმცოდნეობის, ეთნოგრაფიის და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრად.

რაფიელ ერისთავის დაკრძალვის დღეს, 1901 წლის 25 თებერვალს ილია დაესწრო ქაშვეთის ეკლესიაში მისი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს.