ოპერის ,,აბესალომ და ეთერის ‘’ ხელნაწერი კლავირი

klaviri - ოპერის ,,აბესალომ და ეთერის ‘’ ხელნაწერი კლავირი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში არსებულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთ უძვირფასეს რელიქვიას წარმოადგენს ოპერა ,,აბესალომ და ეთერის’’ კლავირი, რომელსაც ამშვენებს ავტოგრაფი: ,,ძეგლად დედისერთა ყრმის ირაკლის უმანკო სულისა, მამა მისის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილისაგან.’’

ზაქარია ფალიაშვილს ოპერაზე ,,აბესალომ და ეთერი’’ მუშაობის დროს ერთადერთი ვაჟი ირაკლი გარდაეცვალა (1904-1915 წ.წ.). ამის შემდეგ  ზაქარიამ ოპერაზე მუშაობა შეწყვიტა. კომპოზიტორმა დაახლოებით 1917 წლიდან გააგრძელა ნაწარმოებზე მუშაობა.

მუზეუმში არსებულ კლავირთა შორის ეს არის ყველაზე ძველი ვარიანტი, იგი წარმოადგენს ოპერის რედაქტირებულ ვერსიას. ოპერის „აბესალომ და ეთერი“ პრემიერაზე (1919 წლის 21 თებერვალი) წარმოდგენილი იქნა 5 მოქმედებად და 6 სურათად, ამიტომ თავისი მოცულობის გამო საზოგადოების კრიტიკული განწყობა გამოიწვია. ეს შენიშვნები გამოითქვა პრესაში. ავტორმა გაითვალისწინა ძირითადი შენიშვნები, შეკვეცა ოპერა, რაც იშვიათი ფაქტია მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. კლავირის მოცემული ეგზემპლარი წარმოადგენს ოპერის შეკვეცილ ვარიანტს.

კლავირი დაწერილია შავი ტუშით, ტექსტი ქართულია, მუზეუმს გადასცა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიამ 1961 წელს, კლავირის ბოლო ფურცელზე ფანქრით მითითებულია, რომ იგი 1935 წლამდე იყო ვინმე ნ. მამაცაშვილის საკუთრება.