მაია ცერცვაძის მონოგრაფიის წარდგენა

BKS3412 - მაია ცერცვაძის მონოგრაფიის წარდგენა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, 21 ოქტომბერს, მაია ცერცვაძის მონოგრაფიის – “XIX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივი გარემო ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით” – წარდგენა გაიმართა.

წიგნი მიზნად ისახავს XIX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივი გარემოს შესწავლას, კვლევასა და ანალიზს – ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები მისი ეპოქის სანდო დოკუმენტია, საუკეთესო და ღირებული მასალა XIX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული ყოფის, პოეტის გარემოცვისა და საახლობლო წრის შესასწავლად და დასახასიათებლად.

წიგნი გამიზნულია დამხმარე სახელმძღვანელოდ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, აგრეთვე ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება-შემოქმედებითა და ეპოქით დაინტერესებულ მკვლევართა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

მაია ცერცვაძე – ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, მთარგმნელი, ისტორიის დოქტორი, ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის მკვლევარი, 50-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი. 2011 წელს მიენიჭა ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ პრემია თარგმანის დარგში.