ინფორმაცია

ვახტანგ ჭაბუკიანი (1910-1992 წწ.) – ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.

ჭაბუკიანი საბალეტო ხელოვნების რეფორმატორად ითვლება. მან მამაკაცის ცეკვას თავისთავადი მნიშვნელობა მიანიჭა. შექმნა მამაკაცის ცეკვის გმირული სტილი. საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შესრულებულ ოტელოს პარტიას, სადაც ერთმანეთს შეერწყა მოქმედი ცეკვა და პანტომიმა. სპექტაკლის პრემიერა 1958 წლის 12 მარტს, დიდ თეატრში, მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების და ლიტერატურის დეკადაზე შედგა. „ოტელო“ ქართული ხელოვნების ტრიუმფად აღიარეს. აღფრთოვანებული მაია პლისეცკაია აღნიშნავდა: „ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს”.

ვახტანგ ჭაბუკიანმა პირველი საკონცერტო ნომერი - „ცეცხლის ცეკვა“ 15 წლის ასაკში დადგა, საგმირო ხასიათის ცეკვებზე კი, პირველი განაცხადი გააკეთა ნომრით „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით“ (ა.რუბინშტეინის ოპერა „ფერამორსის“ მუსიკაზე), რომელიც 1929 წელს, ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვები საღამოსათვის დადგა და შეასრულა. ამავე წელს, ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერად ჩაირიცხა, სადაც ათი სეზონის განმავლობაში ოცდაათი პარტია შეასრულა, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ბალეტებში. ჭაბუკიანის გამოსვლამ ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზში „კარნეგი-ჰოლი“, მისი სახელი ლეგენდად აქცია. საკუთარი სცენარების მიხედვით ჭაბუკიანმა შექმნა კინოფილმები: „ქართული ბალეტის ოსტატები“ (1955 წ). და „ოტელო“ (1961 წ). იგი იყო მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი, ყველა პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოსა და სსრკ-ს სახალხო არტისტი.

მოკლე ინფორმაცია:

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

2000

მუზეუმის ტიპი:

მემორიალური

ექსპონატთა რაოდენობა:

4565

მუზეუმის ფართობი:

176

მუზეუმის შენობის სტატუსი:

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი; ძეგლის სახელწოდება: საცხოვრებელი სახლი; აგების თარიღი: მე-20 საუკუნის შუახანა; რეესტრში შეტანის თარიღი: 11.10.07; სააღრიცხვო ბარათის/პასპორტის №010204135

ისტორია

chabukiani11 - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი ოფიციალურად 2003 წლის 29 აპრილს გაიხსნა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ N 83/23-ში. მუზეუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის N 669 დადგენილებით დაარსდა.

დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ ბინაში 1947 წლიდან 1992 წლის 6 აპრილამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. 1993 წ. 10 მაისს ვ. ჭაბუკიანის ბინა სახლ-მუზეუმის მოსაწყობად კულტურის სამინისტროს გადაეცა. მუზეუმის ხელმძღვანელობა დროებით ვ. ჭაბუკიანის დისშვილს – სოფიო გორდონს დაევალა, რომელიც მალე გარდაიცვალა. ამ პერიოდში საქართველოში საერთო გაჭირვების ფონზე, ჭაბუკიანის ბინაში არსებული ნივთების სამუზეუმო ექპონატებად შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მუზეუმი ვეღარ ფუნქციონირებდა. იგი დროებით დაიკეტა და დაილუქა.

1999 წ. 17 ნოემბერს ვახტანგ ჭაბუკიანის საერთაშორისო ცენტრმა (პრეზიდენტი – ეთერ გუგუშვილი) დამფუძნებელთა სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, წინადადებით მიმართა კულტურის მინისტრს ვ. ასათიანს. ჭაბუკიანის 90 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გაეხსნათ ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ–მუზეუმი. კულტურის სამინისტრომ თანხების უქონლობის გამო ვერც ამჯერად შეძლო დახმარება. აღნიშნული პრობლემების მოგვარება კულტურის მინისტრის თხოვნით, თავის თავზე თბილისის მერიამ აიღო. 2000 წ. 31 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს კულტურის მინისტრის ვ. ასათიანის ბრძანება N 3/22, ვ.ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმის ქ. თბილისის მერიისათვის გადაცემის შესახებ.

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში დაცულია ბალერონის პირადი ნივთები (ავეჯი, როიალი და სხვ.), სასცენო კოსტუმები, მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი. მათ შორის, ვარსკვლავთა საერთაშორისო კატალოგის - „კოსმოს-ზემლიას“ სერთიფიკატი (N 35110407025), რომლის მიხედვითაც, უსახელო ვარსკვლავს გედის თანავარსკვლავედში ვ. ჭაბუკიანის სახელი მიენიჭა.

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია 2017 წლის 27 თებერვალს, სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს გაიხსნა.

გალერეა

ვიზიტი

დასახელება
ფასი (ლარი)
მოზრდილი
2,00
სტუდენტი (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით)
1,00
მოსწავლე (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით)
0,50
გიდის მომსახურება სასკოლო ჯგუფებისთვის
5,00
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე
5,00
გიდის მომსახურება ინგლისურ და რუსულ ენებზე
10,00
ვორქშოფები და სწავლებები ქართულ ენებზე
5,00
ვორქშოფები და სწავლებები ინგლისურ ენაზე
10,00
საგანმანათლებლო პროგრამები და ღონისძიებები - საგაკვეთილო სწავლებები
5,00

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
  • ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.