ინფორმაცია

კოტე წერეთელი (1921-2004 წწ.) – ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებელი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960 წ.) კოტე წერეთელი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. მისი ინიციატივით, 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში.

1994 წელს განათლების სამინისტროსთან შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა. არამეულ დიალექტოლოგიაში მისმა შრომებმა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას მისცა ბიძგი. კოტე წერეთელი არამეული დიალექტოლოგიის მამამთავრად ითვლება. მეცნიერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს.

სოსო წერეთელს (1958-1983 წწ.) საზოგადოება იცნობს როგორც „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთ წევრს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სოსო წერეთელმა თავისი ცხოვრების 25 წლის ასაკში, საბჭოთა რეჟიმისა და თითოეულ შემოქმედებით პიროვნებაზე დიდი წნეხის პირობებში თავისუფლებისადმი დიდი ლტოლვა შემოქმედებაში - ფერწერასა და გრაფიკაში გამოხატა. მან შექმნა ფერწერული ტილოები რელიგიურ თემაზე იესო ქრისტეს გამოსახულებით.

მოკლე ინფორმაცია:

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

2003

მუზეუმის ტიპი:

მემორიალური

ექსპონატთა რაოდენობა:

5000

მუზეუმის ფართობი:

108

მუზეუმის შენობის სტატუსი:

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი; ძეგლის სახელწოდება: საცხოვრებელი სახლი; აგების თარიღი: 1950 წ. რეესტრში შეტანის თარიღი: 11.10.07; სააღრიცხვო ბარათის/პასპორტის №010204383

ისტორია

tsereteli2 - კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი

მუზეუმის დაარსების შესახებ მთავრობის პირველი დადგენილება (N06.40.133) 2003 წლიდან არსებობს. 2011 წელს კი სოსო წერეთლის დედამ – ლეილა წერეთელმა თავისი უძრავი ქონება ქალაქ თბილისის თვითმართველობას უსასყიდლოდ გადასცა. („საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის 28.03.11 წელი N 07.24.251 დადგენილების საფუძველზე ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბინა გადაეცა ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს ააიპ – მხატვარ სოსო წერეთლისა და აკადემიკოს კოტე წერეთლის მემორიალური მუზეუმის ფუნქციონირების შენარჩუნების პირობით).

კონსტანტინე წერეთელმა 1959 წელს მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით მიიღო ბინა ქ. თბილისში, უზნაძის N 2-ში და ამ დროიდან მოყოლებული, წერეთლების ოჯახი ამ ბინაში ცხოვრობდა. მუზეუმში არსებული ექსპონატები მხოლოდ ოჯახის კუთვნილ ნივთებს წარმოადგენს.

მუზეუმში დაცულია თავისუფლებისთვის მებრძოლი მხატვრის, სოსო წერეთლისა და ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის, კონსტანტინე წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, ხელნაწერები, ფოტომასალა, სხვადასხვა დოკუმენტები, სოსო წერეთლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა (ფერწერა, გრაფიკა, ჩანაწერები), კოტე წერეთლის ბიბლიოთეკა, როგორც მისი ნაშრომები, ასევე აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის იშვიათი გამოცემები.

2018 წლიდან მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. განახლებული მუზეუმი 2019 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. მუზეუმის საგამოფენო კონცეფცია ეს არის მცდელობა აღადგინოს ოთხმოციანი წლების ეპოქა, აჩვენოს ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური სურათი, რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში. განახლებული სამუზეუმო სივრცე ორ ნაწილადაა გაყოფილი, ბინა-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს კოტე წერეთლის, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილი, მისი ვაჟის, ნიჭიერი მხატვრის სოსო წერეთლის შემოქმედებას, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბის „თვითმფრინავის საქმის“ მონაწილე იყო.

გალერეა

ვიზიტი

დასახელება
ფასი (ლარი)
მოზრდილი
5,00
მოსწავლე/სტუდენტი (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით)
2,00
გიდის მომსახურება სასკოლო ჯგუფისთვის
5,00
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე
10,00
გიდის მომსახურება ინგლისურ და რუსულ ენებზე
20,00
ვორქშოფები და სწავლებები ქართულ ენებზე
5,00
ვორქშოფები და სწავლებები ინგლისურ ენაზე
10,00
საგანმანათლებლო პროგრამები და ღონისძიებები - საგაკვეთილო სწავლებები
5,00
აუდიოგიდი ქართულ ენაზე
5,00
აუდიოგიდი რუსულ და ინგლისურ ენებზე
10,00

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
  • ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.